top of page
  • Anri Janjgava

ვაქცინების შესახებ




სამედიცინო მეცნიერებისთვის 2023 წელი გამოწვევებით აღსავსე იქნება. ჩინეთში Zero-Covid პოლიტიკის შესუსტებამ ინფიცირების დრამატული ზრდა გამოიწვია. მიუხედავად პოტენციური საფრთხისა, დასავლეთში ბუსტერული ვაქცინაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო. ამას გარდა, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება გასული წლის მაისში დაწყებული მაიმუნის ყვითელას ეპიდაფეთქებაც, რომელიც ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის რეგიონებს პირველად გასცდა. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლა იქნება. თუმცა, წარმატებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის წყალობით, პანდემიის ზოგადი დინამიკა შენელდა, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ სხვა მიმართულებებში შეჩერებული კლინიკური კვლევები განეახლებინათ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, რა სამედიცინო სიახლეებს უნდა ველოდოთ 2023 წელს. საყურადღებო პათოგენთა მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) პერიოდულად საყურადღებო პათოგენთა სიას აქვეყნებს, რათა დროული პრევენციული ღონისძიებებით სამომავლო ეპიდაფეთქებები თავიდან აიცილოს. მსგავსი სია პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა. მაშინ მთავარი აქცენტი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიულ შტამებზე გაკეთდა. სხვათა შორის, აღნიშნულ საკითხს აქტუალობა ამ დრომდე არ დაუკარგავს. ამჟამინდელ სიაში შემდეგი საყურადღებო დაავადებები და პათოგენებია: Covid-19, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ებოლა, მარბურგის ცხელება, ლასას ცხელება, MERS-CoV (შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი), SARS (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი), ნიპასა და ჰენიპავირუსების მიერ გამოწვეული ინფექციები, რიფტის ველის ცხელება და ზიკას ვირუსი. განახლებული სიის შესადგენად 300-მდე მეცნიერი 25-ზე მეტ ვირუსულ და ბაქტერიულ ოჯახს შეისწავლის, რათა პოტენციური გამომწვევები გამოიკვეთოს. შემდგომში, ეს სამომავლო სამეცნიერო კვლევებისა და ჯანდაცვის პოლიტიკისათვის გზამკვლევად იქცევა. პათოგენთა განახლებული სიის გამოქვეყნება 2023 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ახალი (და ძველი) ვაქცინების კვლევა 2021 წლის დეკემბერში მეცნიერებმა სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები აივ-ინფიცირებულები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევაში ჩართეს. 14 500 ადამიანი 8 ქვეყანაში გაბნეულ 50-ზე მეტ კლინიკაში ი-რნმ ვაქცინით (Moderna) იცრება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გულდასმით აკვირდებიან. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 2023 წელს ისინი საბოლოოდ გაიგებენ, როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში. ეს მათ დაეხმარება, ზუსტად განსაზღვრონ, რა სიხშირით უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია, რათა მწვავე Covid-19-ით საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის რისკები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. კორონავირუსის ვაქცინის გლობალურმა წარმატებამ ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ვაქცინების გამოყენების არეალის გაფართოებას მისცა ბიძგი. გერმანული BioNTech წელს გეგმავს, რომ მალარიის, ტუბერკულოზისა და გენიტალური ჰერპესის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევა დაიწყოს. ისინი თავიანთ გამოცდილ პარტნიორ Pfizer-თან ერთად კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებული ვაქცინის შექმნას აპირებენ. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანები კორონავირუსისა და გრიპის რამდენიმე შტამის წინააღმდეგ ერთდროულად აიცრან. მნიშვნელოვანი წინსვლაა დენგეს ცხელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ინფექციური დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიონი ადამიანი ავადდება. მართალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ მეცნიერები მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად აქტიურად მუშაობდნენ. აქამდე ბაზარზე მხოლოდ Sanofi Pasteur-ის წარმოებული ვაქცინა, Dengvaxia, იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, იგი სრულიად უსაფრთხო მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო, ვისაც ეს ინფექცია წარსულში უკვე გადატანილი ჰქონდა.

POST ARCHIVE

No tags yet.
  • Facebook
  • Instagram
bottom of page